ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით - ლომჯარია

პუბლიკა

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით არ ჩატარდეს.

„სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!“,- წერს ნინო ლომჯარია.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.

LB loan image desktop LB loan image mobile