ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის გადავიდეთ რადიკალურ ქმედებებზე - ენმ-ის ოფისში თათბირი დასრულდა

პუბლიკა

„ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის, მათ შორის, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიაში გამართული შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან საზოგადოებას 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა:

„პარტია მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ვართ საოცრად ერთიანი და განსხვავებული აზრები არ არსებობს. ერთიანობის მნიშვნელობას ყველა ვხვდებით, ამიტომ 9 დეკემბერს დაიწყება პროცესი, სადაც ჩვენ, ბუნებრივია, შევიკრიბებით და საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, პარტია გააგრძელებს კოორდინაციას როგორც პარტიის შიგნით, ოჯახთან, ასევე დაცვის მხარესთან, რათა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მათ შორის, აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით, დიპლომატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით“, – ამბობს ბეჟაშვილი.

მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს ის რადიკალური ნაბიჯები, რასაც პარტია მოიმოქმედებს.

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.

„შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას ადარდებს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული ამ პროცესებისკენ. პარასკევს მაღალი ალბათობით ვერ ამოიწურება საქმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომლებიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული“, – განაცხადა მელიამ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი 9 დეკემბერსაა ჩანიშნული. 9 დეკემბერს ენმ აქციას გეგმავს, სახელწოდებით – „მიშას სიცოცხლისთვის!“.