„ყველას ოჯახი გვყავს, პირობები ცუდია" - საქართველოს ფოსტის მძღოლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ

პუბლიკა

საქართველოს ფოსტის მძღოლები უკვე ორი დღეა პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. როგორც თავად ამბობენ, მუშაობენ ზეგანაკვეთურად, არასამუშაო დღეებშიც, ანაზღაურება მიზერულია.

როგორც ფოსტის მძღოლი ,,პუბლიკას” ეუბნება, ,,უფროსები მათ მოთხოვნებს საერთოდ არ უსმენენ”. მისივე ცნობით, საუბარია 35 მძღოლზე.

,,ტრანსპორტის უფროსთანაც ვიყავით, რამდენჯერმე დავაყენეთ ჩვენი მოთხოვნები, ყურადღებას არ გვაქცევენ, დღე და ღამე გვამუშავებენ, ქალაქგარეთ დავდივართ სამივლინებოს არ გვიხდიან.. ფიქსირებული ხელფასი 300 ლარი მაქვს, ზოგს 200 აქვს. ბათუმში ტვირთი რომ მიმაქვს, კილომეტრზე დამატებით 25-ს, ხან 20 თეთრს გვიწერენ.. იქედან თუ ცარიელი მოვდივართ ამასაც არ გვიწერენ. ხელფასის მომატებაზე ლაპარაკიც არაა, ყველას ოჯახები გვყავს. ძალიან ცუდი პირობებია, ამიტომაც გავიფიცეთ. არაფერს გვპასუხობენ ორი დღეა, არც მოდიან ჩვენთან, რომ დაგველაპარაკონ, რამე მაინც გვითხრან, რას აპირებენ. გაურკვევლობაში ვართ. ხვალაც ჩავალთ უფროსებთან, ვნახოთ, რას გვეტყვიან.. ელემენტარულს ვითხოვთ, ხელფასების მომატებას”, – ამბობს გურამ კასიევი, ფოსტის მძღოლი ,,პუბლიკასთან” საუბარში.

გურამ კასიევის თქმით, ხელფასების მომატება მძღოლებმა აქამდეც მოითხოვეს, ,,გვითხრეს რაღაცა იქნება, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. გუშინწინ უფროსი მოვიდა, არაკანონიერად იქცევითო, ასე გვითხრა თქვენთან სალაპარაკო არ მაქვს არაფერიო.. ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა და წავიდა. დღეს ტელეფონზეც აღარ გვიპასუხა. რეაქცია არ აქვთ”.

მძღოლები ფოსტის პოზიციას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ფოსტის მძღოლები აპირებენ დავა სასამართლოში გააგრძელონ.

,,სასამართლოში უნდა ვუჩივლოთ, მეტი გზა არ გვაქვს. გვყავს კარგი იურისტები, ველოდებით ფოსტის პოზიციას ჯერ”, – ამბობს ის.

„პუბლიკა” უკვე დაუკავშირდა საქართველოს ფოსტას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.