საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინდელი აქციისას დაკავებულთაგან, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან მოთავსებულები, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს.
ამის შესახებ მან მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ იმყოფება, ამ იზოლატორში. აქ არის 25 დაკავებული, ყველა მათგანთან გვქონდა პირისპირ საუბარი და მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება გარეგნული დაზიანებები, მოვინახულე, რა თქმა უნდა, ზურა ჯაფარიძე, რომელიც აქ იმყოფება, მასაც აღენიშნება გარეგნული დაზიანება.
ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი. ამის გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, ვინაიდან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ აქციასთან, უბრალოდ იდგნენ… ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, მტაცეს ხელი და ჩამსვეს მანქანაშიო“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.