ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში - ზურაბ ჯაფარიძის ძმა

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე წერს, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია და ჰყავთ დიღომში. ის ამბობს, რომ რა ინფორმაციაც აქვს ოჯახს, ზურაბ ჯაფარიძე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

„არის პოლიციის მიერ „დუბინკებით“ ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო“, – ამბობს ის.

ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან ადვოკატმაც. როგორც ადვოკატი ვახო ბარამიშვილი ამბობს,  ჯაფარიძეს დაკავების შემდეგ სცემეს და აქვს დაზიანება თავზე.

„დაზიანებები პირდაპირ თვალსაჩინოა და ეტყობა, მათ შორის თავზე, ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი აქვს წითელი ლაქები და ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე აქვს წიწაკის სპრეი, რომელიც გამოყენებული იყო აქციაზე და ძალიან ბევრჯერ მიმართა უკვე სამედიცინო პუნქტს და ჯერჯერობით რეაგირება არ აქვთ”, – ამბობს ის.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.