ზაარბიუკენის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მანსარდას აშენებენ

ქრისტინე მუჯირი

ზაარბიუკენის მოედანზე, გოგიბერიძის #1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თბილისის მერიის არქიტეტურის სამსახურის თანხმობით უტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სარეკოსნტრუქციო სამუშაოების წარმართვაზე განმცხადებელმა ნებართვა 2017 წლის ნოემბერში მიიღო. თუმცა მანსარდის დაშენების პროექტზე დადებითი რეკომენდაცია არქიტექტურის სამსახურმა და თბილისის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ  2019 წლის მარტში გასცა, პროექტი მოიწონა.

დამკვეთი ლეილა ჯიშიაშვილია. განაცხადის მიხედვით, ის ითხოვდა მანსარდის გადიდებასა და ფასადური ნაწილის შეცვლას. არქიტეტქურის სამსახურის მიმართ გაგზავნილ წერილში განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ შენობა გვერდით მდებარე სხვა შენობების გამო არაპორპორციულად ჩანს, რის გამოც საჭიროა მისი ამაღლება.

„ფოტომასალით წარმოდგენილია არსებული მდგომარეობა, რის მიხედვითაც ახლად აშენებულ სასტუმროსა და ქუჩის მეორე მხარეს სახლებს შორის შენობა, არაპროპორციულად ჩანს და საჭიროებს სიმაღლისა და ფასადური ნაწილის შეცვლას. რის შედეგადაც არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს არ მიადგება არანაირი ზიანი რადგანაც, მსუბუქი კონსტრუქციით მანსარდის გაზრდა არ გამოიწვევს შენობის დამძიმებას და ვიზუალურად მაღალ შენობებში დაკარგული ისტორიული შენობა ისევ გამოჩნდება“,-წერია განაცხადში.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მთავარი არქიტექტორი დონარა ალექსანდრა მჭედლიძეა, ძეგლის კონსტრუქციულ პროექტზე მუშაობდა ბიძინა ჯუღაშვილი, ხოლო ძეგლის ისტორიულ – არქიტექტურული კვლევაზე კი ქრისტინა დარჩია.

ძეგლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში ვკითხულობთ, რომ შენობა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში (1880-იან წლებში) აგებული. ის ფსევდობაროკალურ-ეკლექტიკური ფასადებით ქუჩათა კვეთაზე გამოდის და კუთხეჩამოთლილი წიბოთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვორონცოვის (ამჟამად ზაარბრუკენის) მოედნის ფორმირებაში.

„XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე ნაგებობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა; სხვადასხვა დროის ჩარევების შესაბამისად იცვლებოდა შენობის არქიტექტურული სახე, თუმცა ავთენტურობა სახლის ფასადებს (იგულისხმება მეორე სართულის მხატვრული გადაწყვეტა), გარკვეულწილად, მაინც შენარჩუნებული აქვს. ამასთან, შენობა მნიშვნელოვანია მოედნის საერთო ურბანულ კონტექსტში და ის ორგანულადაა ჩაწერილი უბნის ისტორიულ განაშენიანებაში“,-წერია სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში.