რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ თქვა, რომ „ევროკავშირი საქართველოს ხელებს უგრეხს, რადგან ქვეყანას სუვერენიტეტის დაცვა სურს“.
ზახაროვას რუსმა ჟურნალისტმა სთხოვა კომენტარის გაკეთება „დასავლეთის დესტრუქციულ მიდგომაზე სამხრეთ კავკასიაში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა საგარეოს პრესსპიკერი საქართველოს შესახებ საუბრისას იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.
„მოლდოვა და უკრაინა – ვგულისხმობ ამ ქვეყნებში წლების განმავლობაში არსებულ სიტუაციას, მხოლოდ მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ მათთვის, ვინც გძულს. დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის, დესტრუქციული პოლიტიკა ნამდვილად იძენს იმპულსს სამხრეთ კავკასიაში. მათ ნამდვილად სძულთ ეს ქვეყნები. ეს ფაქტია. რას აკეთებენ ისინი, მაგალითად, საქართველოში? „დემოკრატიის დაცვის“ თვალთმაქცური ლოზუნგებით დასავლელები რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვას ცდილობენ.
ევროკავშირის ქმედებები რუსეთთან დაპირისპირების იდეით არის განპირობებული. მუქარა და ზეწოლა ბრიუსელის პოლიტიკის რუტინად იქცა. საქმე დავიდა ერების წინააღმდეგ სანქციების მუქარამდე.
საქართველო ამის ნათელი მაგალითია. ისინი ფაქტობრივად ხელებს უგრეხენ ქართველებს, სჯიან მათ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მცდელობისთვის. არა „ვიღაცასთან“ კოალიციის შექმნისთვის, არა „ვიღაცის“ მხარდაჭერისთვის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ხალხმა გადაწყვიტა, საკუთარ ქვეყანაში საკუთარი კანონებით ეცხოვრა. როგორც ჩანს, ეს სხვების გაკვეთილის სასწავლებლად კეთდება.
ცხადია, მოქალაქეების ნების გამოხატვას ევროკავშირისთვის მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მისი შედეგები ქვეყანას „დიდ თამაშში“ პაიკად აქცევს. ამასობაში, დასავლური ინტერესების დამცველ პოლიტიკურ ძალებს უფლება აქვთ, გააკეთონ ის, რაც სურთ, რა თქმა უნდა, მიღებული დიდი თანხების სანაცვლოდ“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.
„სუვერენული დემოკრატია” რუსული პროპაგანდისტული იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, „გარედან შენიშვნების მიღება მიუღებელია”.
მას „ქართული ოცნების” წევრები საქართველოში ავრცელებენ – ისინი „სუვერენიტეტის დაცვის“ ნარატივს დასავლეთის მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების კრიტიკაზე საპასუხოდ იყენებენ.