რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დადებითად აფასებს ოთარ ფარცხალაძისა და მამუკა ფიფიას მიერ დაფუძნებული „რუსებისა და ქართველების ერთობის ფონდის“ საქმიანობას და აცხადებს, რომ უწყება მზადაა, გაეცნოს ფონდის კონკრეტულ პროექტებს და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარება გაუწიოს.
ამის შესახებ ზახაროვამ 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას ჰკითხეს, როგორ აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფონდის ინიციატივებს, მათ შორის რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის გეგმებს და აპირებს თუ არა მათ მხარდაჭერას.
„პირადად მე ყველა რუსულ-ქართულ მეგობრულ ინიციატივას ძალიან დადებითად ვუყურებ. თუმცა, ამასთან ერთად, მაქვს ჩემი ოფიციალური ფუნქციაც და ამ სტატუსითაც შემიძლია გითხრათ, რომ მივესალმებით ყველა სასარგებლო წამოწყებას, რომელიც განათლებისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ზახაროვამ.
ფიფიასა და ფარცხალაძის მიერ დაფუძნებულ ფონდზე ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მის საქმიანობას რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების გაფართოების ხელშემწყობად მიიჩნევს.
„მიგვაჩნია, რომ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ გაფართოებაში. მზად ვართ, შევისწავლოთ კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ფონდი გეგმავს, რათა განვსაზღვროთ მათთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.
ზახაროვას თქმით, ფონდის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას. მან იქვე აღნიშნა, რომ სიამოვნებით იტყოდა სიტყვა „საელჩოს“, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის წარმომადგენლობას „ინტერესების სექცია“ უნდა უწოდოს.
28 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდა და მოეწყო „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაცია.
ფონდის თანადამფუძნებლები არიან დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია და აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე.
რუსული სამთავრობო მედია Sputnik-ის ცნობით, ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების შესახებ წინადადებებს მოიცავს.
დოკუმენტი ითვალისწინებს პუტინისა და საქართველოს მთავრობისთვის მიმართვას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ინიციატივით, მათ შორისაა რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა, რუსული ენის პოპულარიზაცია, ეკლესიაში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.