ზახაროვა: NATO-ს მიზანია II ფრონტის გახსნა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთი მშვიდობისკენაა მიმართული

პუბლიკა

რუსი პროპაგანდისტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, NATO-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხოლო რუსეთი მშვიდობისკენაა მიმართული.

ზახაროვა ამბობს, რომ ალიანსს სწორედ რუსეთის მშვიდობის პოლიტიკა არ მოსწონს.

„აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავს მოხვევა, ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებზე კონტროლის დამყარების მიზნით”. – თქვა მან.

რუსი პროპაგანდისტი ამ განცხადებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სამხრეთ კავკასიურ ტურნეს გამოეხმაურა – სტოლტენბერგი იმყოფებოდა ბაქოში, თბილისსა და ერევანში.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანზე:

„მათი ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, იდეალურ ვარიანტში კი – მათ ბოლომდე ჩაშლაზე. დასავლეთი ამას არ მალავს.

ისინი ასევე ცდილობენ ბაქოსთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შემოტანას”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.