ზალკალიანი მოხალისეების წასვლაზე: „ევროპაც კი ცდილობს არ შევიდეს სამხედრო კონფრონტაცაში“

პუბლიკა

საგარეო საქმე მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მას ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად სწორი იქნებოდა მოხალისეების ორგანიზებულად თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გამგზავრება.

დავით ზალკალიანი პასუხობს, რომ არცერთი ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა „არ ერთვება სამხედრო კონფრონტაციაში”, თუმცა ის ამბობს, რომ მოხალისედ სადმე წასვლა მხოლოდ მოხალისეების გადასაწყვეტია და ხელისუფლება ამას ვერ წაახალისებს.

„რა თქმა უნდა, მოხალისეობის ზუსტი დეფინიციაც ის გახლავთ, რომ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა, ეს რა თქმა უნდა… მე გადავავლე დღეს თვალი ევროპული სახელმწიფოებს,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას, სამხედრო დახმარების კუთხით, რა ნაბიჯები არის გადადგმული და თუნდაც იმავე მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით და… მინდა, გთხოვოთ, თქვენ, მედიას, გააშუქოთ ეს ყველაფერი, ეს ქვეყნები როგორ განმარტებას აძლევენ ამას.

ისინი ყველანაირად ცდილობენ, სამხედრო კონფრონტაციაში არ შევიდნენ ამ სიტუაციაში და ხაზს უსვამენ ამას. ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ ეს იქნება უკვე სამხედრო კონფრონტაციაში შესვლა. ისინი ყველანაირად სოლიდარულები არიან და ის ჰუმანიტარული კუთხით გადადგმული ნაბიჯები იქნება თუ სხვა, გაგრძელდება. ჩვენც ამას ვაკეთებთ.

მოხალისეობაც ამას წარმოადგენს, ვისაც აქვს სურვილი, თავისი ნებით მიდის იქ და იღებს მონაწილეობას, იქნება ეს ჰუმანიტარული აქცია თუ სხვადასხვა სახის მოქმედებები. ეს არის სწორედ და როგორ შეიძლება… წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ხელოვნურად ქვეყანა იყოს ჩართული იმ სამხედრო კონფრონტაციაში, ესკალაციასა და იმ აგრესიაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ქვეყანა, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ და ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერ წუთს იმ ფონზე აქვს იგივე საფრთხე… ” – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მისივე თქმით, ქვეყნის მოქალქეები, მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ„ მოხალისეობა მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების წასახალისებელი“.