ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ნიშნებია

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური ნიშნები ჩანს. ზალკალიანის თქმით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მის მიერ გამართულ შეხვედრებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იყო.

„ყველა პარტნიორთან განხილვაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. მე სულ ახლახანს დავასრულე შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველი დღიდანვე მაქვს კონტაქტი და ისიც ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მის ხელთარსებულ მექანიზმს იყენებს.

გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ის ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული და ველოდებით, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თავისუფალი გადაადგილება ეს არის ადამიანის ის ფუნდამენტური უფლება, რომლის შეზღუდვის უფლება არ აქვს არავის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა თავის შედეგს გამოიღებს და ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, – თქვა ჟურნალისტებთან დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალზე ყოფნისას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დააკავეს. მას ე.წ. „საზღვრის“ განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავებიან. ცხინვალის სასამართლომ დაკავებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.