ზამირ კვეკვესკირის შვილი: არც სახლი მაქვს, არც კარი და არაფრის გაკეთება შემიძლიაო

პუბლიკა

ზამირ კვეკვესკირის შვილი „ტვ პირველთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც 44 წლის კაცმა დევნილთა სააგენტოს ეზოში თავის დაწვა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ოჯახი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინას ითხოვდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდათ.

„არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას. იყო გაჭირვებულად, ფეხი ჰქონდა გაშეშებული. ფეხის ოპერაცია გაიკეთა 6-ჯერ თბილისში. ბოლოს, გერმანიაში რომ გავუშვით, გერმანიიდანაც გამოუშვეს გაშეშებული ფეხით და აქ კიდევ არ გაუკეთეს ეგ ოპერაცია – არ არისო აქ ის ტექნიკები, რომ გავაკეთოთ ოპერაციაო.

მთელი 4 წელი იწვალა, ბოლოს ეს გადაწყვიტა. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვსო, არც არაფრის გაკეთება შემიძლიაო და ეს გადაწყვიტა.

13 წელია აქ ვართ და ისე კიდევ რამდენი ხანია ბინას ვითხოვთ. განცხადება ის არის, რომ თქვენ ხართ ქულებში, ხართ სიაში და თქვენ მოგცემენ ბინას, მაგრამ როდის და სად არავინ იცოდა, – ამბობს გარდაცვლილი კაცის შვილი.

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ ბენზინი გადაისხა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 1 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.