ზაქარია ქუცნაშვილი მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის იბრძვის

პუბლიკა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N5205-ის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე.

კომისიის წევრები ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 000 ლარის ხელფასს იღებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.