ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

პუბლიკა

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უარს ამბობს პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობაზე. მიზეზებზე კი სპეციალურ განცხადებაში საუბრობს:

„ჩემთვის კანონს, უფლებებითა და ინტერესებით აღმჭურველი და მავალდებულებელი ბუნების გარდა, მორალური სახეც აქვს. მორალურობის მთავარი განმაპირობებლი კი სამართლიანობა და ტრადიციაა. არ ცდებიან ის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას – სამართლიანად არ მიმაჩნია! პრეცენდეტის დაშვებით არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის ჯერადობა არჩევნებში გამარჯვების ჯერადი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე,“ – აცხადებს ქუცნაშვილი.


დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე პარლამენტში, პარტიული სიით, ზაქარია ქუცნაშვილი უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა.

ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი 21 ივნისს დატოვა. მანდატის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.