ირაკლი ზარქუა დღეს, 11 თებერვალს, ლაშა გაბიტაშვილზე ნიღბიანი პირების თავდასხმის შესახებ ამბობს, რომ მას „ასე არ სჩვევია“.
ზარქუა აბუ-დაბიში თავდასხმის ფაქტს ახსენებს და აცხადებს, რომ გაბიტაშვილზე „ღიად, კამერების წინ“ თავდასხმა აბუ-დაბიში არ მორიდებია და „მომავალშიც ასე იზამს, სადაც ოჯახის და ახლობლების შეურაცხყოფაა“.
„ძალადობა მიუღებელია კატეგორიულად […] თუ ჩემზე აქვს ვინმეს ეჭვი, მე არ მჩვევია ასე. როცა დააშავა, არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, მითუმეტეს იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, სადაც ოჯახის და ახლობლების შეურაცხყოფაა, მანდ პასუხი გავცე და მომავალშიც ასე ვიზამ.
ხოლო, მაგის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი, ერთმანეთში ვისაუბრეთ, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით გვქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, მე გაგებით მოვეკიდე მის ამ იმას. მგონია, რომ არცერთმაახალგაზრდამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი ამ სექტას, ამ უსამშობლოებს და ამით დამთავრდა ჩვენი თემა. ასე რომ, მცდელობა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ კიდევ ამაზე ქულები დაიწერონ, საცოდავები არიან, მეტი არაფერი“, — ამბობს ირაკლი ზარქუა.
ზარქუას ასევე ამბობს, რომ თუ დაიბარებენ, პოლიციას ჩვენებას მისცემს. მისი თქმით, გაბიტაშვილი „პროვოკაციული ქმედებებით“ გამოირჩევა და შესაძლოა, თავდამსხმელი მისი ყოფილი მეგობარი ან მეზობელი ყოფილიყო.
„თუ რამე არის ეჭვი, აგერ არის, არ გაუჭირდება ჩივილი პოლიციაში და შესაბამისად, თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ, როგორც აბუ-დაბიში მივეცით ჩვენება, როცა გამოძიება მიმდინარეობდა […] ზოგადად გამოირჩევა ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით, შეიძლება, მეზობელი იყოს, მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა კამერით რომ დარბის კაცი, ეტყობა, იმანაც არ ვიცი, ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ,“ — თქვა ზარქუამ.
ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თბილისში სამი ნიღბიანი თავს დაესხა – ის ვიდეოში ჰყვება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ძაღლს ასეირნებდა. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა აქვს.
ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო – 12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს.
მეორე დღეს, 13 იანვარს მას ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბიტაშვილის თქმით, სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ გაეღიმა, რადგან დაპირისპირების მესამე ეტაპს მოელოდა და ტელეფონის ასაღებად წაიღო ხელი, ამის შემდეგ კი ზარქუამ უთხრა, „რა ტელეფონს იღებო“ და საჭმლიანი თეფში მოუქნია.
ლაშა გაბიტაშვილის თქმით, მან ამ ჩხუბის დროს იცნო ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. მანვე გამოუძახა პოლიციას. გაბიტაშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციაში დარეკა სასტუმროს მენეჯმენტმაც.
მას ახსოვს, რომ მასთან ერთად უცნობი პირი და სასტუმროს დაშავებული თანამშრომელი გაიყვანეს, თუმცა არ ახსოვს, რა მოხდა კონკრეტულად.
ლაშა გაბიტაშვილმა დაადასტურა, რომ „ოცნების“ წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ.
გაბიტაშვილის თქმით, „ოცნების“ წევრები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.