ზარქუა: მოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ

პუბლიკა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლის დროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა. დეპუტატმა შერიგების იდეაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ პირველი რიგში ხალხს უნდა შეურიგდეს.

„თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არაა, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში. იქ მოინანიეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნორმალურ განვითარებაზე, თორემ ჩვენ შესარიგებელი რა გვაქვს, აქ სხედხართ, მიუხედავად იმისა, რომ  მთელი თვეები იძახდით, არ შემოვალთო. 8 არჩევნები წააგეთ, მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ.“ – განაცხადა ზარქუამ.


8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის გამომსვლელები თავიანთ მიმართვებში ამბობდნენ, რომ ეროვნული შერიგებისთვის პოლიტიკური ამნისტია მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა აქციის მონაწილეებს, სადაც ის საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე წერს. „ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე“, – წერდა სააკაშვილის თავის წერილში.

ამნისტიის საჭიროებაზე საუბრობს გიგი უგულავაც. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ხდება, რომ დავიწყოთ რეალური ფიქრი შეთანხმებაზე (პრინციპულად არ ვიყენებ სიტყვა შერიგებას), რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტია ჰქვია. ეს არ არის კონკრეტული პირებისთვის გამოსავალი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში თამაშის წესების შეცვლაზე. ვერ შევთანხმდებით წარსულის შეფასებაზე. „ქართულ ოცნებას“ მეორე მხარის სინანული ესმის ისე, რომ მისი პოზიცია უნდა გაიზიარო. შენ თუ არ გადახვედი ვოლსკის აზრზე და მათ შეფასებები არ გაიმეორე, მათი გაგებით „მონანული“ არ ხარ. სინანული და შერიგება ორი ისეთი სიტყვაა, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური ამნისტიის და ეროვნული შერიგების შესახებ მოთხოვნა გასაგებია, თუმცა არარეალისტურია, რადგან ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ბერკეტებს იყენებს და მათგან არ ჩანს დაპირისპირების შერბილების მცდელობაც კი.

ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, შერიგებას პოლიტიკაში თავისი წინაპირობები აქვს.

„ამის წინაპირობა არის სინანული და მონანიება, საუბარია ჩადენილი დანაშაულებების სინანულზე და ამ დანაშაულებების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება, იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან.

ჩამოთვალონ ეს დანაშაულებები, მერე თქვან რომ ინანიებენ და მერე თქვან, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსებს და პარტიას არ ეკუთვნით პოლიტიკაში დარჩენა. როგორც კი იტყვიან ამას, შევრიგდებით”. – ამბობს კობახიძე.