ზაზა აბაშიძე უცენზურო სიტყვების გამო ბოდიშს იხდის

პუბლიკა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე, პირადი ფეისბუკგვერდზე გაკეთებული კომენტარის გამო, სადაც წერდა, რომ  მარნეულის სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება, ბოდიშს იხდის.

„მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ, თავს ვალდებულად ვრაცხ განვმარტო ჩემი პოზიცია:

ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი!

ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).
არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას – აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს –  საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამვრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იმავეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.

აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს, ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.

ასევე მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა”, – წერს ზაზა აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ზაზა აბაშიძის კომენტრს სოციალურ ქსელში არასმთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

სამოქალაქო პლატფორმამ „არა-ფობიას!“ შეშფოთება გამოხატა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო.

პლატფორმა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი.

„გავრცელებული ინფორმაციით,  სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, პირად ფეისბუკ პროფილით   გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

„აღსანიშნავია, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი”.

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.