ზაზა გახელაძე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

პუბლიკა

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ერგნეთში მას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.

„კარგად ვარ. არ ველოდებოდი დღეს ყოველშემთხვევაში. ღვთის და ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდით დგომით ყველაფერი კარგად დამთავრდა. უფლის წყალობით, კარგად არის ყველაფერი. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ ყოფნა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები ახლა მიყურებენ, მოდი, ხვალ-ზეგ არსად წასვლას ვაპირებ, სხვა დროს [ვისაუბროთ]“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

„მადლობა ზაზას პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ნამდვილ ვაჟკაცს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული. ამ თვეების განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკება ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მადლობა ამ გმირი კაცის ოჯახს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე შეიწყალა.

შეწყალების შესახებ ბრძანება ბიბილოვის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდანვე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, ზაზა გახელაძე რუსეთის პატრიარქ კირილის თხოვნით შეიწყალა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ.