ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
„იცით, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ქუთაისში მოლაპარაკება. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპარაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი დღეს აქ, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა და ყველა ის საკითხი, რაც აქციის მონაწილეებმა და ხელმძღვანელებმა დააყენეს ჩვენს წინაშე, ყველა ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე და აუცილებლად ვაცნობებთ. კიდევ ერთხელ მოვედით, რომ ეს ყველაფერი მათთვის გვეთქვა.– განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია, როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, მისი აზრით, შესაძლებელი იყო მიწის უფრო მცირე ვადით გადაცემა.
„ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე. მე ვთვლიდი და ეს ჩემი პირადი აზრია, რომ 99 წლის ნაცვლად, შეიძლება, ჩაწერილიყო 49 წელი, ისე, როგორც სხვა ჰესების შემთხვევაში და პირობების შესრულების შემთხვევაში, შემდგომ გაგვეგრძელებინა, თუ ამას საქმე მოითხოვდა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტის მირზა ნოზაძის თქმით, ზაზა ლომინაძეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და მათი შერბილება, ან გადახედვა არ იგეგმება.
„მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ამ მოთხოვნების შერბილება არ მოხდება. ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე არ ვარ თანახმა.“ – განაცხადა მირზა ნოზაძემ. მისივე თქმით, ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ მათ მოთხოვნებზე პრემიერ-მინისტრის პოზიცია პარასკევისთვის იქნება ცნობილი.