ზეგანაკვეთური საათების 200%-ით ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უზენაესმა ძალაში დატოვა

პუბლიკა

ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების 200%-ით ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა, – ამის შესახებ „პუბლიკას” გაერთიანებული პროფკავშირების იურისტმა სერგო მახარაძემ განუცხადა.

სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაზე 200% განსაზღვრა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში უზენაესმა სასამართლომ.

ამ საქმის მოსარჩელე ერთ-ერთ კომპანიაში (შპს „ნატალი”) ბუღალტრის პოზიციაზე აიყვანეს. მისი ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო დრო განისაზღვრა 6-დღიანი სამუშაო კვირის მიხედვით, ხოლო სამუშაო დღის ხანგრძლივობა მოიცავდა 9-საათიან სამუშაო პერიოდს, დღის განმავლობაში 45 წუთი შესვენებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სამუშაო საათების ხანგრძლივობა აღემატებოდა შრომის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას და კვირაში, ნაცვლად 40 საათისა, შეადგენდა 54 საათს. შესაბამისად, მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების დროს ყოველკვირეულად მუშაობდა ზეგანაკვეთურად 14 საათს, რაც ექვემდებარება გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას.

ამასთან, როგორც სააპელაციოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, დასაქმებული ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან, „შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის არაერთხელ უხეში დარღვევის“ მოტივით. კერძოდ, წერილობით დასაბუთებაში დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ ის სარგებლობდა სოციალური ქსელებით სამუშაო საათებში, ანუ შინაგანაწესის დარღვევა არასამუშაო თემებით მოცდენაში გამოიხატა. შესაბამისად, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებასთან ერთად ამ საქმეშიც მომჩივანი მხარე სამსახურშიც აღდგენასაც მოითხოვდა.

სასამართლომ კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. რაც შეეხება ზეგანაკვეთურს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისთვის საათობრივი ანაზღაურების ორმაგი ოდენობა განისაზღვრა.