უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „დიპლომატია ჩავარდეს“.
„პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, ის იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობაზე, რომელიც დაზარალდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიპლომატია ჩავარდეს“, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი ვერ გამოვა ამ ომიდან, რადგან მაშინ მას არაფერი დარჩება, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს დიპლომატიის საბოტაჟისთვის, თავიდანვე მძიმე და მიუღებელ პირობებს აყენებს.
„პუტინი შეეცდება ყველა ჩაითრიოს გაუთავებელ დისკუსიებში, ისევე, როგორც ეს გააკეთა „მინსკთან“ დაკავშირებით, კარგავდა დღეებს, კვირებს და თვეებს უაზრო მოლაპარაკებებზე, ხოლო მისი იარაღი განაგრძობდა ხალხის მკვლელობას. ყველა პირობა, რომელსაც პუტინი აყენებს, მხოლოდ ნებისმიერი დიპლომატიის დაბლოკვის მცდელობაა. ასე მუშაობს რუსეთი. და ჩვენ გაფრთხილებდით ამის შესახებ“, – ამბობს ზელენსკი.
მან მოუწოდა აშშ-ს „გადადგას ძლიერი ნაბიჯები“.
„ზეწოლა უნდა იყოს მიმართული მათზე, ვისაც არ სურს ომის შეჩერება. ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე“, – ამბობს ზელენსკი.