დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი „სწორად მოიქცევა“

პუბლიკა

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პუტინის განცხადებაიმედისმომცემია, მაგრამ არასრული“ და იმედოვნებს, რომ „რუსეთი სწორად მოიქცევა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს თქვა.

სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ტრამპის და რუტეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა, თუმცა, ინფორმაცია ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

ტრამპმა თქვა, რომ რუტესთან ომის საკითხს განიხილავს — „იმას, რაც ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის“.

„ჩვენ გვინდა, ეს დასრულდეს. რუსეთში საქმეები ნორმალურად მიდის. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, სანამ არ გავიგებთ, რა არის საბოლოო შედეგი. არის ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები პუტინთან და სხვებთან. იმედი მაქვს, ისინი სწორად მოიქცევიან”, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და თქვა, რომ „განიხილეს ბევრი ცალკეული თემა“.

„ჩვენ განვიხილავდით… უკრაინის მიწა და მიწის ნაკვეთები, რომლებიც შენარჩუნდება და დაიკარგება, და საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი. ნახსენებია ელექტროსადგურიც. ვინ მიიღებს ელექტროსადგურს და ვინ მიიღებს იმას და ამას?

ასე რომ, თქვენ იცით, ეს არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტა. ისინი განიხილავენ NATO-ს და NATO-ში წევრობასაც. ყველამ იცის რა არის ამაზე პასუხი“, — თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალია განხილული და ამბობს, რომ ახლა რუსეთის პასუხს ელოდებიან. მისი თქმით, „თუ რუსეთი მზად არაა, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მსოფლიოსთვის“.

პუტინის პირველ რეაქციაზე ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების შესახებ, ტრამპი ამბობს, რომ ეს იყო „ძალიან იმედისმომცემი განცხადება, მაგრამ არ იყო სრული” და აღნიშნავს, რომ „სიამოვნებით შეხვდებოდა მას ან დაელაპარაკებოდა, თუმცა ეს სწრაფად უნდა დაასრულონ“.

ვლადიმირ პუტინმა დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეთანხმება” აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ, „არის ნიუანსები”.

მისი თქმით, „ამან უნდა განაპირობოს გრძელვადიანი მშვიდობა და საჭიროა კრიზისის ფესვების მოგვარება”.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართა, პუტინმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „საკითხის მიმართ ყურადღების გამოხატვისთვის”.

პუტინისვე თქმით, „ცეცხლის შეწყვეტის იდეა კარგია და მას აბსოლუტურად მხარს უჭერს, მაგრამ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელ კოლეგებთან – შესაძლოა, სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან”.