უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვები „ძალიან განსხვავდება რეალობისგან“. ამ თემაზე მან ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ამ ღამითაც კი, პუტინის ტრამპთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოს თქვა, რომ მან გასცა ბრძანება შეჩერებულიყო უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა, 150-მა დრონმა დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტს“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასევე ამბობს, რომ დარტყმა იყო ორ საავადმყოფოზე, მათ შორის ერთი სუმის ოლქში და დასძინა, რომ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა „აუცილებელია, როგორც მშვიდობის წინაპირობა“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ისაუბრებს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან, რათა განიხილოს ამ კვირას აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დეტალები. შეხვედრა საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.
18 მარტს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ, პუტინმა სამხედროებს უბრძანა, 30 დღით შეაჩერონ დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თუმცა რუსეთი 30 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდა. მოლაპარაკებების დროს პუტინმა ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.