ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი ამბობს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინის ომზე კვირას გაიმართება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში.
Fox News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ამერიკული მხრიდან გაემგზავრებიან ჯედაში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვინ მიიღებს მონაწილეობას კონსულტაციებში რუსეთის მხრიდან.
18 მარტს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ, პუტინმა სამხედროებს უბრძანა, 30 დღით შეაჩერონ დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თუმცა რუსეთი 30 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდა. მოლაპარაკებების დროს პუტინმა ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.
მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინამაც და რუსეთმაც განაცხადეს თავდასხმებზე. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის 100 000-კაციან ქალაქ სლოვიანსკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სუმის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმამ დააზიანა ორი საავადმყოფო, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, მაგრამ პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. გარდა ამისა, ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკში.
რუსეთის კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბი იტყობინება, რომ ერთ-ერთ სოფელში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს და შეაჩერეს 57 დრონი ოთხი ოლქის ტერიტორიაზე, ასევე აზოვის ზღვის თავზე.