ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე: ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება რეფერენდუმი

პუბლიკა

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები და არაბლოკური სტატუსი. ამის შესახებ გამოცემა UNIAN-ი წერს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკიმ რუსულ მედიებთან ინტერვიუში განაცხადა.

„უსაფრთხოების და ნეიტრალიტეტის გარანტიები, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთის ფედერაციისთვის, რამდენადაც მახსოვს. რამდენადაც მახსოვს, ამის გამო ომი დაიწყეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.

ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინას შეუძლია ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილება მიიღოს რეფერენდუმზე, რადგან კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.