უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.
14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სვირიდენკოს შესთავაზა, ჩაუდგეს მთავრობას სათავეში და განაახლოს მუშაობა უკრაინული წარმოების მხარდასაჭერად.
39 წლის სვირიდენკო ეკონომისტია და 2021 წლიდან პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმების ბოლოდროინდელ მოლაპარაკებებში.
ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, შმიჰალის „კოლოსალური გამოცდილება“ ნამდვილად გამოსადეგი იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე – „სწორედ ეს არის სფერო, სადაც ამჟამად ქვეყნის მაქსიმალური რესურსები, მაქსიმალური ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობაა კონცენტრირებული“.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ახალ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.