აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მინერალების შეთანხმებას და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„იმ მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარების ნიშნად, რომელიც ამერიკელმა ხალხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას გაუწია, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ითანამშრომლონ და ერთად განახორციელონ ინვესტიციები, რათა ჩვენი საერთო რესურსების, ნიჭისა და შესაძლებლობების დახმარებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დააჩქარონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყნის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა.
„მოხარული ვარ, განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.
შეთანხმების ხელმოწერას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რადგან სურდა, დაცული ყოფილიყო.
„ჩვენ დღეს დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია. მე მინდოდა, დაცული ვყოფილიყავი“, – განაცხადა ტრამპმა.
უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ სოციალურ ქსელში შეთანხმების მთავარ პუნქტები გამოაქვეყნა.
მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია:
- სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში;
- აშშ-ისა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით;
- ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში;
- არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ. შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით
- შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.
„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“, – აღნიშნა სვირიდენკომ.