ზელენსკის განცხადებების შემდეგ, უკვე მეორე ღამეა, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები შეფერხებულია

პუბლიკა

უკვე 2 ღამეა, მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში ფრენების მიღებასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.

The Moscow Times-ის ცნობით, ეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება.

რუსეთის ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო „როსავიაციამ“ მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვების დაწესება დაადასტურა და მიზეზად ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

Flightradar24-ის მონაცემებით, შერემეტიევოს აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა, 235 კი – დაგვიანდა. ვნუკოვოში 22 რეისი გაუქმდა და 94 დაგვიანდა.

1 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ უკრაინული დრონების ინტენსიური გამოყენების გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო ხდება. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევის სამიზნე არ არის სამოქალაქო ავიაცია, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე დრონების ოპერაციების მასშტაბის ზრდა ფრენებისთვის რისკებს ქმნის.

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საჰაერო სივრცე უსაფრთხოა და ქვეყნის საავიაციო სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უცხოურ ავიაკომპანიებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებებიც მიაწოდა.

ამავე პერიოდში რამდენიმე რეისი რუსეთის მიმართულებით ფრენები გააუქმეს თურქულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის Pegasus Airlines-მა. კომპანიამ მიზეზად „ტექნიკური და ოპერაციული“ გარემოებები დაასახელა.