ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვიტა თავდაცვის მინისტრი შეცვალოს. ზელენსკი უკრაინის პარლამენტს – უმაღლეს რადას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის ნაცვლად რუსტემ უმეროვს წარუდგენს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რადა „უმოკლეს ხანში“ დაამტკიცებს ახალ მინისტრს.

ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გასული თვეების განმავლობაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია. რეზნიკოვის ხელმძღვანელობისას თავდაცვის სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და კორუფციის ნიშნების გამო რამდენჯერმე გამოძიებაც დაიწყო.

თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეზნიკოვი უშუალოდ არ ყოფილა ჩართული იმ შესაძლო კორუფციულ სქემებში, რომელთა შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც The New York Times უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მყოფ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რეზნიკოვის გათავისუფლების მიზეზი სწორედ შესაძლო კორუფციის შესახებ აგორებული სკანდალი და ამის გამო უკრაინული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა იყო. გამოცემის ცნობით, თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა თავად რეზნიკოვიც.

რაც შეეხება რუსტემ უმეროვს, ის ბიზნესმენი და უმაღლესი რადას წევრი იყო. ომის დაწყების შემდეგ უმეროვი რუსეთთან მოლაპარაკების ჯგუფებში ჩაერთო. მათ შორის მარცვლეულის შეთანხმებისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ. უმეროვი ყირიმელი თათარია და ამჟამად უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობს.