ზელენსკი: რუსეთმა ღამით უკრაინაზე საჰაერო თავდასხმისთვის შავი ზღვის ხომალდები გამოიყენა

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ ღამეს საჰაერო თავდასხმისთვის რუსეთმა შავ ზღვაში მდებარე ხომალდები გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთს საზღვაო ზავი არ უნდა.

„დღევანდელი რუსული თავდასხმა მოიცავდა შავი ზღვიდან გაშვებულ რაკეტებს. ჩვენმა მოკავშირეებმა იციან, რომელი გემები იყვნენ და ზღვის რომელი ნაწილიდან მოხდა ეს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ხლართავს დიპლომატიას.

რატომ არ მიდის რუსეთი ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე? მათ სურთ, რომ შეინარჩუნონ ზღვიდან თავდასხმის შესაძლებლობა ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს პორტებზე“, — თქვა ზელენსკიმ.

საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების, ასევე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ, კიევმა და მოსკოვმა ორმხრივი უარი განაცხადეს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაზე და ასევე, გამოთქვეს სურვილი ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში.

თუმცა, მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ საზღვაო ზავის ერთ-ერთი პირობა სანქციების ნაწილობრივი მოხსნა უნდა იყოს, ვაშინგტონს ეს მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია და კიევი ამას მიუღებლად მიიჩნევს.

კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინაში მშვიდობის შესახებ ახალი შეხვედრა შესაძლოა შემდეგ კვირაში შედგეს.

„ჩვენ ვხედავთ პატივისცემის, კარგი დიალოგის დასაწყისს. ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლეგებს აშშ-დან ესმით, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის აღდგენა და რომ რუსეთი სტრატეგიული დამარცხების მცდელობას გადაურჩა, რომლის მიყენებაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა”, — თქვა მან.

გასული კვირის ბოლოს მარკო რუბიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები „მომავალ კვირებში“ გამოიტანს დასკვნას, არის თუ არა მოსკოვი მზად მშვიდობის დამყარებისთვის თუ განზრახ აჭიანურებს მოლაპარაკებებს.