უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, კელოგმა შეისწავლოს ომთან დაკავშირებული საკითხები და სამხედროებს ესაუბროს.
„ჩვენ კელოგს ველოდებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი 20 თებერვალს ჩამოვა. ის 2 ან მეტი დღე დარჩება აქ. მე მასთან ერთად ფრონტზე წასვლა მსურს და ისიც ჩემთან ერთად წამოვა. ვფიქრობ, უარს არ იტყვის.
ის ეწვევა [უკრაინის არმიის მთავარსარდალს გენერალ ალექსანდრე] სირსკის, შესაძლოა ბრიგადების მეთაურებს… სამხედრო დაზვერვას. უსაფრთხოების გარანტიებზე დეტალურად ვისაუბრებთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. მისი ვიზიტისა და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ გავიგებთ, როდის შევხვდებით პრეზიდენტ ტრამპს.
ვფიქრობ, როდესაც ის აშშ-ში დაბრუნდება, ჩვენ გავიგებთ, თუ როდის გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან”. – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის სამშაბათს, 18 თებერვალს გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი მონაწილეობას მიიღებენ საუდის არაბეთის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას ამ კვირაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ომის დასრულების შესახებ და არ მიიღებს მოლაპარაკებების შედეგს, თუ უკრაინა არ მიიღებს მასში მონაწილეობას.
ზელენსკი თავადაც იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მან თქვა, რომ მისი მთავრობა არ იყო მიწვეული სამშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში.
„უკრაინა უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ვერავითარ შეთანხმებას ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“, – თქვა ზელენსკიმ.
ის ასევე ამბობს, რომ მისი ვიზიტები საემიროებში და მოგვიანებით საუდის არაბეთში წინასწარ იყო შეთანხმებული.