საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესის დროებით შეცვლას ან შეზღუდვას არ აპირებს, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა, – ამის შესახებ „TV პირველის” ეთერში საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა.
ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა ქვეყანაში საგანგაშო არაა, ამიტომ, მისი თქმით, განსაკუთრებული ზომების მიღება ეკლესიის მხრიდან საჭირო არ არის. დეკანოზი მოსახლეობას მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მისივე თქმით, ავადმყოფობის შემთხვევაში, ზიარების საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება.
„ამგვარი მსჯელობა, რომ ზიარების წესში შიძლება რაღაც შეიცვალოს, შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში შედის ზიარების დროს. მორწმუნე ადამიანი ზიარების დროს იღებს სისხლს და ხორცს, ეს არის მაკურნებელი. მსჯელობა ამ თემაზე შეუძლებელია შიდა საეკლესიო სივრცეში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
საქართველოში კორონავირუსით დაავადების ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაწავლო პროცესი შეჩერდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, 2-დან 16 მარტამდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ჰიგიენური წესების დაცვასთან ერთად მოქალაქეები მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
„ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა, გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობენ ცენტრში.