ზოგადად, მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ უნდა არსებობდეს გონივრული წინადადება - ვოლსკი

პუბლიკა

„მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას, ფასილიტატორების მონაწილეობით, ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს, რომ ჩავატაროთ რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს. არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დამყარებული იქნეს ნებისმიერი ჩვენი ოპონენტის, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი ოპოზიციის მოწოდებას მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

ვოლსკის განცხადებით, ზოგადად, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს გონივრული წინადადება. მისი თქმით, ოპოზიცია ვერ შეძლებს არჩევნების ოქმებისა და ბიულეტენების გაქრობას.

„რაც გვესმის ოპოზიციისგან, ეს არ არის შეთავაზება, ეს არის ულტიმატუმი, რომ თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, არ მოგვწონს მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და უნდა მოხდეს ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს. ვერ მოხდება ასე, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოა და საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტები გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა გიორგი გახარიამ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ გაჩნდა სივრცე მოლაპარაკების განახლებისთვის.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღესაც მოუწოდეს ხელისუფლებას, განაახლონ მოლაპარაკების ფორმატი და განიხილონ მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები – რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის რეფორმა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ოპონენტების მიმართ.

საქართველოში საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ გაღრმავდა. პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დაკავება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მან არ შეასრულა აღმკვეთი ღონისძიების პირობები.

ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი ახალი მოწვევის პარლამენტშიც მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 17 თებერვალს მას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შეიკრიბნენ ნიკა მელიას მხარდასაჭერად და განაცხადეს, რომ პოლიციის მცდელობას, დააკავოს ნიკა მელია მშვიდობიანი გზით, შეეწინააღმდეგებოდნენ.

18 თებერვალს, მოულოდნელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებში ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.