ზოგან არ ითხოვენ, მოდუნდა ყურადღება. მეტი შემოძახილი გვჭირდება - გამყრელიძე „მწვანე პასპორტზე“

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ცენტრმა მოამზადა რეკომენდაციების ახალი პაკეტი, რომელიც ხვალ საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. გამყრელიძემ არ ისაუბრა კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ რეკომენდაციებში ასახული იქნება ახალი შტამის – „ომიკრონის“ ქვეყანაში დადასტურებასთან დაკავშირებით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს , რა უნდა გაკეთდეს აცრისა და „ბუსტერის“ მეტად წახალისებისთვის.

„ამ ეტაპზე უმთავრესი გახლავთ აღსრულება იმისი რაც დაწესებულია, ე.წ. მწვანე პასტორტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოდუნდა ყურადღება, რასაც მე ინფორმაციას მაძლევენ, საკვებ ობიექტებში ადამიანები შედიან ყველა აღარ ითხოვს [მწვანე პასპორტს]…

მეც გამოვცადე ერთ-ორჯერ სპეციალურად შევედი, მშვენივრად მომთხოვეს რამდენიმე ორგანიზაციაში და კარგია მაგრამ, ზოგან არ ითხოვენ უკვე მოდუნდა ისევ ყურადღება, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი შემოძახილი გვჭირდება და გამკაცრება მწვანე პასპორტის როგორიც არის მიღებული დღეს მისი აღსრულება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.

მწვანე სტატუსი აქვს – სრულად ვაქცინირებულ პირს; ან პირს, რომელსაც ბოლო  72 საათში ჩატარებული აქვს პსრ ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის

სად შეძლებენ „მწვანე“ პასპორტის მფლობელები შესვლას?

ღარიბაშვილის თქმით, დეტალური ჩამონათვალი დაწესებულებების სადაც მხოლოდ „მწვანე“ პასპორტით შეძლებენ შესვლას პირები, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:

  • კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე;
  • სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.