ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას განცხადებით ეხმაურება. განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას. საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.
შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“,- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.
არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.
ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლოში კლანის დაკანონება – მშვენიერაძე
12 დეკემბერი, 2019
კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი – NGO-ები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე
11 დეკემბერი, 2019