ზოგჯერ პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი სპეცსამსახურებში - ბოკერია ფოტოგრაფების საქმეზე

პუბლიკა

„ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, მტკიცებულებებს, რაც იყო მაგ ხალხის მიმართ, სუსტიც კი არ ჰქვია, როცა ასეთ ბრალდებას უყენებ. ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა – არანაირი 26 მაისის შესახებ კადრები… [კადრები] მთელ მსოფლიოში გავიდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის პასუხად, რომ წინა ხელისუფლების დროს ე.წ. ფოტოგრაფების საქმის მონაწილე პირები, რეალურად, 2011 წლის 26 მაისს გამართული საპროტესტო აქციის დაშლის კადრების გავრცელების გამო დასაჯეს.

„ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ მოხდა?! – პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ და ეს ძალიან სახიფათო რამეა, გამართლებას კი არ ვცდილობ რამის. პარანოია ძალიან სახიფათოა, სპეცსამსახური რომ ხარ გელანდება ჯაშუშები და თუ არავინ გაკონტროლებს მერე იწყებ მოქმედებას და ასეთი რამეები ხდება. მაგრამ ამ საქმესთან შედარება – ივერის და ნატალიას საქმესთან შედარება არაკორექტულია, რადგან ეს საქმე არის კატასტროფა.

მანდ არანაირი პოლიტიკური კამპანიის მოტივი არ არსებობდა… ვინმემ გამოიყენა ეგ საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ? ოღონდ ეგ არ ამართლებს, ეგ ხალხი ციხეში იჯდა ისე, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც კი, ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი.

ოღონდ ეს მოგონილი ამბავია მერე, რომ 26 მაისის რაღაც კადრები იყო [მოტივი], რომელმაც მოიარა მთელი მსოფლიო იქამდეც, სისულელეა“, – განაცხადა ბოკერიამ, რომლის თქმით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენა.

ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

2017 წელს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. პროკურორის თქმით, საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, რის გამოც პროკურატურა გამამართლებელი განაჩენების გამოტანას მოითხოვდა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა და ფოტორეპორტიორები გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ხოლო ამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილის წინააღმდეგ აღიძრა საქმე. 2018 წელს ფოტორეპორტიორები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.