ზოომარტის 12-ივე ფილიალი 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით დაიკეტება

პუბლიკა

26 აპრილიდან Zoomart-ის 12-ივე ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას მაღაზიათა ქსელი facebook-გვერდზე აქვეყნებს.

„მე-7 დღეა, ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა უზრუნველვყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა, რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ანალოგიური ვითარებაა ინტერნეტგაყიდვასთან დაკავშირებით. „არ გვეძლევა საშვი, რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება“, – წერს ზოომარტი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე თანამშრომელს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შესაძლოა, დღეიდანვე რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.
ზოომარტი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს სთხოვს, გამოიჩინონ ყურადღება, რათა კომპანიამ ჩვეულ რეჟიმში შეძლოს მუშაობა.