ზრდასრული ადამიანი ვარ და ყველა გადაწყვეტილებას პირადად ვიღებ - შოთაძე

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.  დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გენერალური პროკურორობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღო და დაბრუნების გადაწყვეტილებაც.

„თითოეულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ , ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ეს ცნობილია მხოლოდ მაშინდელი მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რაც შეეხება იმას, თუ მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მივიღე დამოუკიდებლად და არ ვნანობ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტიილება მივიღე მაშინ“, – განაცხადა შოთაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას უმრავლესობა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ხმა უმრავლესობამ, 8 დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებოდნენ.

მოსმენის დაწყებამდე კომიტეტის დარბაზში ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი სხდომის ჩაშლა არ არის და დარბაზში მყოფებს პოლიტპატიმრების ფოტოები დაურიგეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე 2019 წლის  31 მაისს გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა „ხორავას საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

LB loan image desktop LB loan image mobile