ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა

პუბლიკა

ზუგდიდში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.

კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომა გახსნა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა, რომელმაც ჩავლილი არჩევნები შეაჯამა. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი უძღვება.

საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციის წევრებმა მირანდა მესხს ხელბორკილები მოუტანეს და განუცხადეს, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, რადგან ზუგდიდელებს მოპარა არჩევანის თავისუფლება.

„თქვენ ხართ დამნაშავე და დანაშაული ისჯება კანონით. აუცილებლად წახვალთ ციხეში“, – მიმართეს მირანდა მესხს.

ოპოზიციონერი დეპუტატები, გახარიას პარტიის წევრების გარდა, აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თავმჯდომარის არჩევაში.

ოპოზიციონერ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მაისურზე #freemisha ეწერათ, ხოლო ხელში ბათუმის საკრებულოს წევრის, ენმ-ის დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებით ბანერები ეჭირათ.

საკრებულოს სხდომა სწორედ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის მისაგებად წუთიერი დუმილით გაიხსნა.

ზუგდიდი

მეორე ტურში არჩევნები ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.