ზუგდიდის ჩაკეტვა დღის წესრიგში მასშტაბური გავრცელების შემთხვევაში დადგება - გუბერნატორი

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ზუგდიდში ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ იქნება შემთხვევა როცა კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება:

,,ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში”. – ამობს მოწერალია.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გადასაწყვეტი.

“ტრაილერის მძღოლის ყველა კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად, ჯერ-ჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ” განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული  (ამ დროისთვის) გამოსაკვლევად.  ამ ნიმუშებიდან 8 არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი იქნება დღის ბოლოს. ტრაილერის მძღოლიანად  სულ ამ კლასტერში კოვიდი უდასტურდება 7 პაციენტს.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56  პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას  რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205  პირია თვითიზოლაციაში.