ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები ძალით გაიყვანეს

პუბლიკა

სამართალდამცველებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან საკრებულოს ოპოზიციონერი მოშიმშილე დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს, აგრეთვე, ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომლებიც მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში რამდენიმე საათის წინ შეიტანეს.

ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატები ფრაქციის ოთახში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის დეპუტატებმა შეიტყვეს, რომ, მათივე თქმით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს დაჩქარებულად განიხილავს და ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე სურს მისი დამტკიცება, პროტესტის ნიშნად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ შიმშილობა, თუმცა სხდომათა დარბაზში მათ შესვლას დაპირისპირება მოჰყვა. 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოშიმშილეებმა, რომლებიც ახალი საკრებულოს წევრები არიან, ფრაქციის ოთახიდან გადაინაცვლონ საკრებულოს სხდომათა დარბაზში. აქ იშიმშილებენ, სადაც ბიუჯეტი უნდა განიხილონ და მიიღონ.“ – განაცხადა ბრიფინგზე ანი წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ ჭეჟია.