„არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება“ – ბესიკ ჭეჟია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ ჭეჟია.

ენმ-ის დეპუტატების თქმით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს დაჩქარებულად განიხილავს და ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე სურს მისი დამტკიცება. ამიტომ დღეს, პროტესტის ნიშნად, მოშიმშილეებმა ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

ჭეჟიას თქმით, საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა კანონით დადგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს. მერია საკრებულოს ბიუჯეტს უგზავნის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ბიუჯეტის განხილვის ვადებს კი, მუნიციპალიტეტის ბიურო ადგენს.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტი ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად განიხილეს კომისიებში. ბიუჯეტის პროექტის შესვლის შემდეგ, 16 ნოემბერს, საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ფრაქციებსა და არასამთავრობო სექტორთან.

საკრებულოს ცნობით, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნები და შეფასებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 17 ნოემბრის 18:00 საათისა უნდა ჩაბარდეს.

„მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში. რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა ფრაქციებში და შენიშვნებით უკან, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება“. – განაცხადა ჭეჟიამ.

ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ესწრებოდნენ საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვებს, შესაბამისად, ბესიკ ჭეჟიასთვის გაუგებარია, ახლა რატომ აპროტესტებს კანონიერ ქმედებას და ბიუჯეტის ვადებში განხილვას „ნაციონალური მოძრაობა“.

დღეს ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილე დეპუტატებმა ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. ანი წითლიძის თქმით, მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში გადასვლის გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის გამო მიიღეს.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტს ძველი მოწვევის საკრებულო განიხილავს და გაუგებარია, რატომ არ ელოდებიან ახალი მოწვევის საკრებულოს, რომ იმსჯელოს 2022 წლის ბიუჯეტზე, რადგან ახლა საკრებულოს აქვს სამართლებრივი ვადა, შეძლოს მსჯელობა და მიიღოს ახალი ბიუჯეტი.

ახალ საკრებულოებს ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცნობილი არაა, როდის მოიწვევს პირველ სხდომებს ცენტრალური კომისია, ამისთვის კომისია აქვს ვადა 13 დეკემბრამდე, რადგან შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტზე მსჯელობისთვის კანონით განსაზღვრულ ვადებს, კანონმდებლობის მიხედვით, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.