ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა, თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე კვორუმი არ შედგა.

ადგილობრივი მედიის „livepress.ge“-ის ინფორმაციით, დარბაზში არ იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი.

საკრებულოს სხდომა აქამდე 3-ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მა დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

„ქართულ ოცნებას” და პარტიას „საქართველოსთვის” იმედი აქვთ, რომ მომავალ სხდომამდე შეძლებენ მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას და კრიზისის დასაძლევად გადაიდგმება ნაბიჯები.

მმართველი პარტიის წარმომადგენელ ირაკლი გოგოხიას განცხადებით, კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი აქვს, რომ კრიზისს დაძლევენ.

მისივე თქმით, მომდევნო სხდომებზე „ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, თუმცა მისი ვინაობა დღეს არ დაუკონკრეტებია.

„დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი. უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ იცით, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით უქმეებია და სხდომა გადაიდო 12 იანვრამდე. ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, საკრებულოში ეს კრიზისი აღმოიფხვრება”, – განმარტა მან „livepress.ge-ის“ ცნობით.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, 20 „ქართულ ოცნებას”, ხოლო 3 – პარტიას „საქართველოსთვის”.