ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზეც ვერ აირჩიეს. კვორუმის არსებობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ” არც კანდიდატი დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივი მედიის „ლაივპრესის“ ცნობით, პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიგა ფარულავას განმარტებით, მიიღეს იგივე, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში გუშინ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არიან, გადადგან ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად. ამისთვის, კი, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაივიწყონ პოლიტიკური ინტერესები და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

„დანარჩენი, საზოგადოება თვითონ გამოიტანს ამ ყველაფრისგან დასკვნას. სამწუხაროა, რომ ვერცერთი პარტია ამ ნაბიჯზე ვერ მოდის. ჩვენ არც „ქართული ოცნების“ ინტერესების გაზიარებას ვაპირებთ და არც „ნაციონალური მოძრაობის“, – განმარტა გიგა ფარულავამ.

სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო.

ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.