ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც ცოლსა და შვილს ბინაში კეტავდა

პუბლიკა

ზუგდიდის სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა.

ამ საქმის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა დაზარალებულ ქალს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან.

„კერძოდ, მოძალადე წლების განმავლობაში უკრძალავდა მას გარეთ მარტო გასვლას, მეზობლებთან, მშობლებსა და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაციას. დაზარალებული გარეთ მხოლოდ მეუღლესთან ერთად გადიოდა, დანარჩენ დროს ბავშვთან ერთად ბინაში იყო ჩაკეტილი, ხოლო ბინის გასაღები მეუღლეს დაჰქონდა თან.

დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა,  მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მას კი მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი“, – ამბობენ საიაში.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.