ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა აქციაზე ლაზერის გამოყენებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„დროას” წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ აქციაზე ლაზერის გამოყენების გამო, 2 000 ლარით დააჯარიმა.

მას პოლიციელისთვის და ასევე საპატრულო კამერისთვის ლაზერის მინათებას ედავებოდნენ.

სიჭინავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მოსამართლემ დარბაზიდან სხდომის გახსნამდე გააძევა.

„საკუთარი პროცესიდან გამაძევა მოსამართლე აბშილავამ, სხდომის გახსნამდე. შეძახილისთვის: „უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს!”, – წერს სიჭინავა.


მარიამ სიჭინავასთვის ეს პირველი ჯარიმა არ არის. 29 იანვარს ზუგდიდის სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სიჭინავას ბავშვებისთვის განკუთვნილი სახის ნიღბის ტარების გამო შეუდგინეს.

ზუგდიდის სასამართლომ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმა 27 იანვარს გამართულ სხდომაზეც, რომელზეც ის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა. ამ შემთხვევაშიც მას აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ. სიჭინავამ სხდომაზე თქვა, რომ დარბაზში პროტესტის გამოსახატად მივიდა, მან მოითხოვა მზია ამაღლბელისა და სხვა დაპატიმრებულების გათავისუფლება.

სიჭინავა 24 იანვარსაც დააჯარიმეს აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო, მანამდე ის ორჯერ იყო დაკავებული აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის, პირველად 13 იანვარს, შემდეგ კი 16 იანვარს.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. სიჭინავა ორივე შემთხვევაში 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმეს.

სიჭინავა ამბობს, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და აგრძელებს დაუმორჩილებლობას.

მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.