„დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დღეს ზუგდიდის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტიის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სიჭინავას ბავშვებისთვის განკუთვნილი სახის ნიღბის ტარების გამო შეუდგინეს. სიჭინავა სხდომას არ ესწრებოდა.
ზუგდიდის სასამართლომ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმა 27 იანვარს გამართულ სხდომაზეც, რომელზეც ის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა. ამ შემთხვევაშიც მას აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ. სიჭინავამ სხდომაზე თქვა, რომ დარბაზში პროტესტის გამოსახატად მივიდა, მან მოითხოვა მზია ამაღლბელისა და სხვა დაპატიმრებულების გათავისუფლება.
სიჭინავა 24 იანვარსაც დააჯარიმეს აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო, მანამდე ის ორჯერ იყო დაკავებული აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის, პირველად 13 იანვარს, შემდეგ კი 16 იანვარს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. სიჭინავა ორივე შემთხვევაში 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმეს.
სიჭინავა ამბობს, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და აგრძელებს დაუმორჩილებლობას.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.