ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

პუბლიკა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე” შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. ამის შესახებ „პუბლიკას“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. შესავალი სიტყვა თქვეს და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე პროცესი გადაიდო, რადგან არ იყო წარმოდგენილი ბოლომდე მკიცებულებები. დღეს განაჩენს ისედაც ვერ გამოუტანდნენ იმიტომ, რომ არსებითი განხილვა ახლა დაიწყო“, – აღნიშნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.