ზუგდიდში მშენებარე სტადიონის განათების მრავალტონიანი კონსტრუქცია წაიქცა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, 7 ნოემბერს ზუგდიდში მშენებარე სტადიონის განათების მრავალტონიანი კონსტრუქცია წაიქცა.

მათივე ცნობით, საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სტადიონის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები.

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველი გეგმით 2018 წელს უნდა გახსნილიყო, შემდეგ – 2020 წელს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა კი ჯამში 13.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სტადიონის მშენებლობისას გამოვლენილ ხარვეზებზე ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. 

TI-ის ცნობით, ამჟამად სტადიონის მშენებლობაზე პასუხს აგებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი”.

„ფონდმა ჩვენ სექტემბერში მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მაყურებელთა ტრიბუნის რკინა-ბეტონის მზიდ კონსტრუქციებზე ხარვეზი გამოვლინდა და დამატებითი სამუშაოები იყო საჭირო. ამან საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულება მორიგ ჯერზე გაურკვეველი ვადით გადასწია.

ზუგდიდის სტადიონს 2019 წლამდე შპს „დაგი“ აშენებდა, 2019 წლიდან კი სამუშაოებს შპს „მაქრო ქონსთრაქშენი” ახორციელებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიაჩნია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უმოკლეს დროში უნდა გამოიძიონ, როგორც ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ასევე ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები.

LB loan image desktop LB loan image mobile