ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება.
„მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა.
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას.
ასევე, უნდა გამოვეხმაუროთ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვის პროცესს, რომელიც დღეს სრულდება, თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა.
რეალურად პროცესი, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, – დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო, “- განაცხადა მან.
უშინ ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული ხმები ხელახლა გადათვალეს, რის შემდეგაც ენმ-ის მაჟორიტარ კანდიდატს მანუჩარ ფიფიას, რომელმაც პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ორი ხმით აჯობა, ხმები დააკლდა. გადათვლის შედეგად ამ ოლქში გამარჯვება „ოცნების“ კანდიდატმა, სოსო გოგოხიამ მოიპოვა. მას 12 ხმა დაემატა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა.